პოლიტიკა
„მნიშვნელოვანია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მეტი იცოდნენ საქართველოს მიღწევების შესახებ“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო სისტემისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვედრის მთავარი თემები.

 შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 „ჩვენ განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების რეფორმისა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, ასევე,  თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარული მდგომარეობასა და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ევროპელ მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.