უცხოეთი
ხუბუტია ბრუნდება – შეიქმნა მოსკოვის ქართველთა ახალგაზრდული გაერთიანებების ლიდერთა საბჭო (საქინფორმი)

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი ამა წლის 4 თებერვალს იტყობინებოდა პუბლიკაციაში „ქართული „ავტონომია“ რუსეთში – ხუბუტიამ შექმნა „რუსეთის ქართველთა კავშირი–2“, რომელსაც მისი მეგობარი წურწუმია–სმელინი ხელმძღვანელობს“, რფ–ის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა სრულიად რუსეთის ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ფედერალური ნაციონალ–კულტურული ავტონომია რუსეთში“, რომელიც დააარსა „სამმა ქართულმა რეგიონულმა – სანქტ–პეტერბურგის, ტვერისა და ივანოვოს ორგანიზაციამ“. ცენტრალური ოფისი მოსკოვში მდებარეობს, მას სათავეში უდგას სოხუმელი გიორგი წურწუმია (დაბად. 1970 წლის 25 სექტემბერს).

 ინტერნეტიდან საქინფორმმა შეიტყო, რომ ბატონი გიორგი წურწუმია რუსეთში ცნობილია როგორც „კანონშემოქმედი“ მეორე გვარით „სმელინი“. საქინფორმის წყაროს ცნობით, ის ხშირად წარმოადგენს თავს ქართული ესტრადის ვარსკვლავის, მომღერალ ლელა წურწუმიას ძმად და უკვე ანულირებული „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტიას უახლოესი მეგობარია. „სამი დიდი ქართული ორგანიზაცია – სანქტ–პეტერურგის, ტვერისა და ივანოვოსი“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს ფედერალური ნაციონალ–კულტურული ავტონომია რუსეთში“, ასევე წარმოადგენს მიხეილ ხუბუტიას „რუსეთის ქართველთა კავშირის“ ყოფილ ორგანიზაციებს. როგორც საქინფორმის წყარო ირწმუნება, წურწუმია–სმელინს კარგი კონქტაქტები ჰქონდა საქართველოს უწინდელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან – მიხეილ სააკაშვილის გუნდთან, მაგალითად თბილისის ყოფილ მერთან (ამჟამად პატიმარ) გიგი უგულავასთან.

 მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ფედერალურ ნაციონალ–კულტურულ ავტონომიასთან რუსეთში“ შეიქმნა „მოსკოვის ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული გაერთიანებების ლიდერთა და აქტივისტთა საბჭო“. როგორც პორტალი georgia-news.org იუწყება, მასში შევიდნენ რუსეთის 15 სასწავლო დაწესებულების ქართული სტუდენტური გაერთიანებები. „ჩვენ შევქმენით ჩვენი ავტონომია, რათა გავაერთიანოთ რუსეთში მცხოვრები ყველა ქართველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ერთიანდება იმისთვის, რომ დაეხმარონ ერთმანეთს და ღირსეულად წარმოაჩნონ საქართველო ყველა ახალგაზრდულ ბაქანზე“, – აღნიშნა წურწუმია–სმელინმა.