პოლიტიკა
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი ევროპელი მეგობრების გარემოცვაში აღინიშნება“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან უცხადებენ საქართველოს.

 „ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორობის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და კულტურის წყალობით, საქართველო იქცა დინამიკურ და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან ერთად შესვა იმ ღირებულებებისა და პრინციპების სადღეგრძელო, რომლებიც ყველა ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს.