უცხოეთი
ნატოს გემდივანი: ალიანსსა და რუსეთს ღრმა უთანხმოება აქვთ, საბჭოს ის არ გადაუჭრია

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე სერიოზული და გულწრფელი საუბარი შედგა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა კვლავ გაიმართება, თუმცა მორიგი სხდომის თარიღი შეთანხმებული ჯერ არ არის.

 “ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა არასდროს შეჩერებულა, ამიტომ ველოდები, რომ შეხვედრას კვლავ გავმართავთ. მორიგი შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს მუშაობა არ შეგვიჩერებია, ველოდები, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებით”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთისგან განსხვავებით, ალიანსს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი სამოქალაქო ომად არ მიაჩნია.

 ამავე დროს, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ ალიანსსა და მოსკოვს პოზიტიური დღის წესრიგი ჯერ არ აქვთ”.

 “რუსეთი არ განიცდის დისკომფორტს ნატო-სთან მუდმივი დიალოგის არ არსებობის გამო მის წევრ-ქვეყნებთან მუდმივი კონტაქტების არსებობის ფონზე”, - განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.