პოლიტიკა
„სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს!“ – პრემიერი კვირიკაშვილი სტუდენტებს ეწვია

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. როგორც პრემიერმა აუდიტორია N115“-ის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს: სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი, ძალიან საჭირო მოთხოვნები. შევთანხმდით, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავებთ და მე პირადად ჩავერთვები განათლების კანონის შემუშავებაში... სტუდენტური პროტესტი არ არის უცხო რამ. სამწუხაროა, რომ შეჩერებულია სასწავლო პროცესი ზოგიერთ კორპუსში. მე მათ ვთხოვე, რომ შეწყვიტონ პროტესტი. გარკვეული გარანტიებიც გავეცი ჩემი მხრიდან. ვნახოთ, ისინი თუ გაიზიარებენ ჩემს თხოვნას, ეს ძალიან კარგი იქნება“.

 შემდეგ კვირაში გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს უკვე სამუშაო ფორმატში შეხვდება. პრემიერის თქმით, უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავასთანაც ჰქონდა შეხვედრა.

 სტუდენტებმა პრემიერის სიტყვები „ყურად იღეს“ – გააღეს აჭედილი კარი და თბილისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აღდგა.