პოლიტიკა
"არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციები ჰქონდა პრეზიდენტთან.

 “8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ეს თარიღი იქნა განსაზღვრული შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით, ამიტომ განკარგულება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გამოგზავნილი იქნა პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ გავაკეთეთ მოტივირებული შენიშვნებით ამ აქტის უკან გადაგზავნა რათა ქვეყანა არ ჩართულიყო 6-თვიან წინასაარჩევნო პროცესში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 თავის მხრივ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  პოზიციის შეცვლას არ გეგმავს და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას მაისიდან აპირებს.

 პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - კამპანია მომდევნო თვიდან დაიწყოს - გაუგებარი უწოდა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტი მარგველაშვილის მოთხოვნას კამპანიის მაისიდან დაწყების თაობაზე არ დათანხმდება.

 იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მთავრობისგან კიდევ ერთ უარს მიიღებს, უმცირესობა პოლიტიკურ კრიზისს ვარაუდობს, არასამთავრობო სექტორი კი სახელმწიფოს მეთაურსა და პრემიერ–მინისტრს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.