აქტუალური
„გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!“ - ჯეიმს აპატურაი „ნაცმოძრაობის“ წინასაარჩევნო ლოზუნგით გამოდის

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა.

 „თავდაცვის მინისტრთან, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. გავიარეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობასთან და პოლიტიკურ შეხვედრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. უკვე გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა და იმედია, მსგავსი შეხვედრები ვარშავის სამიტის ფარგლებშიც შედგება. ძირითადად, საუბარი შეეხო არსებითი პაკეტის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს - საწვრთნელი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. ვმუშაობთ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თემაზე. უკვე გვქონდა ერთი სწავლება და კიდევ ვგეგმავთ სხვა ტრენინგებსაც, რომელიც საქართველოში პარტნიორებისთვის ჩატარდება. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ გვექნება სამიტი და შეხვედრა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ, სადაც ავღანეთის მისიის განხილვა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მოხდება. რა თქმა უნდა, იქ საქართველოც იქნება წარმოდგენილი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ ჩვენს მადლობებს, თუ რამდენს აკეთებს საქართველო, რომელიც მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანაა. ნამდვილად კარგი შეფასებები გაკეთდება. გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით კი ნატოს მხრიდან, რათა ალიანსი უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ჩემი საქმეა, დაგეხმაროთ, იყოთ კმაყოფილები და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.