აქტუალური
ხიდაშელი აპატურაის „მშვიდ და მუშა მდგომარეობაში“ შეხვდა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ სამუშაო შეხვედრაზე პუნქტობრივად განიხილეს დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე წარადგინა.

 მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ პირველ სწავლებას.

 „დავიწყეთ შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან. დღეს პირველი შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან გავმართეთ, სადაც ვარშავის სამიტისთვის ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მუშა მდგომარეობაში ვისაუბრეთ. დღეს ერთგვარი ნატოს დღე გვაქვს გლობალური უსაფრთხოების ფარგლებში, სადაც შესაძლებლობა ჩნდება, რომ მშვიდ, მუშა მდგომარეობაში დეტალურად განვიხილოთ ის სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო წარდგება ვარშავაში და ის მოლოდინები, რასაც ვარშავიდან ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.