უცხოეთი
„ჩვენ პრობლემები გვაქვს არა მეზობლებთან, არამედ ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესთან“ – პუტინი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს ტელეარხების: „Первый”, „Россия 1“, „Россия 24“, რადიოსადგურების: „Маяк“, „Вести FM“ და „Радио России“ ეთერში გავიდა მე–14 სპეციალური პროგრამა „პირადპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან“. ტელეეთერის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა 80 კითხვას. პროგრამის ხანგრძლივობამ 3 საათის და 40 წუთი შეადგინა. სულ პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა შემოვიდა.

 ანდრეი ბისტრიცკის კითხვაზე: „გასული წლის სექტემბერში რეჯებ ერდოღანი თქვენს მეგობრად ითვლებოდა, თურქეთი კი ლამის სტრატეგიულ პარტნიორად. თქვენ ერთად გახსენით მეჩეთის ახალი შენობა მოსკოვში. და ახლა რა გამოდის, რომ მეგობრობა დასრულდა და ერთმანეთს მტრებად ეკიდებით? და საერთოდ, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, უკვე ხსენებული თურქეთი, კიდევ სხვა ქვეყნები, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მტრულ გარემოცვაში აღმოვჩნდებით. განა შეუძლია ასეთ პირობებში რუსეთს ეფექტური და წარმატებული განვითარება? – პუტინმა უპასუხა:

 „ჩვენ არ აღმოვჩენილვართ და არც აღმოვჩნდებით მტრულ გარემოცვაში. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანასთან . აღარაფერს ვამბობ ისეთ ეფექტურად მომუშავე ორგანიზაციებზე, როგორიცაა ШОС –შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც ფართოვდება დიდი სახელმწიფოების ხარჯზე, ჩვენი ინტეგრაციული გაერთიანებები, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, ბრიკს–ი და ა.შ.

 მეზობლებთან მთლიანობაში ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. იმავე თურქეთს ჩვენ მეგობრად მივიჩნევთ, თურქ ხალხს კი მეგობარ ხალხად, რომელთანაც ყველაზე კარგსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დავამყარებთ.

 ჩვენ პრობლემები გვაქვს ზოგიერთ პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელთა საქციელსაც არაადექვატურად მივიჩნევთ და შესაბამისადაც ვრეაგირებთ. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ხედავთ, მშვიდად. რეაგირება კი უთუოდ საჭიროა, სხვაგვარად კისერზე დაგვასხდებიან და აჩუს შემოგვძახებენ, ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში, უახლოეს ისტორიაში უკვე იყო. ამას აღარ დავუშვებთ და აღარ მოვიმოქმედებთ. თუმცა, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, განვავითარებთ ურთიერთობებს ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის – ჩვენს მეზობლებთანაც“.