სამართალი
„გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა“ - გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული შეხვედრები გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში შეაჯამა და მათ ნაყოფიერი და დატვირთული უწოდა. მინისტრის განმარტებით, საუბარი შეეხო ე.წ. „კანონიერი ქურდების“ თემასაც. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოსთან ნებისმიერი კავშირის მქონე ე.წ. კანონიერი ქურდების აღრიცხვა და ინტერპოლის ცირკულარზე აყვანა.

რაც შეეხება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ შსს-ს ყოფილ ჩინოსნებს, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები უწყებაში აღარ მუშაობენ.

კითხვაზე, რა ფორმით ჩაერთვება პოლიცია ოქტომბრის არჩევენებში, მღებრიშვილი პასუხობს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა და არჩევნებში ის არცერთი ფორმით არ ჩაერევა. მინისტრი ასევე დასძენს, რომ არც თვითონ ეკუთვნის რომელიმე პარტიას და საარჩევნო სიაში შეყვანაზე მასთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.