საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ბარაქ ობამა თავისი პრეზიდენტობის დროს დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომად ლიბიაში ინტერვენციის შემდეგ გეგმის არარსებობას ასახელებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს რამდენიმე ბლიც-შეკითხვა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვა ობამას პრეზიდენტობის დროს დაშვებულ ყველაზე დიდი შეცდომას ეხებოდა.
“შესაძლოა, ეს არის ლიბიაში ინტერვენციის შემდგომი დღისთვის გეგმის მომზადების შეუძლებლობა. იმ მომენტში მე ამას (ინტერვენციას) სწორ ნაბიჯად მივიჩნევდი”, - განაცხადა ბარაქ ობამამ. ლიბიაში ამჟამად შექმნილ ვითარებას აშშ-ის პრეზიდენტმა “არეულობა” უწოდა.
ლიბიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის თებერვალში დაიწყო. იმავე წლის მარტში აშშ-მა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებმა ლიბიაში საჰაერო ოპერაცია დაიწყეს. შედეგად ამბოხებულებმა ქვეყნის მაშინდელი ლიდერი მუამარ კადაფი მოკლეს. ამჟამად ლიბიაში ორი დაპირისპირებული მხარე ძალაუფლებისთვის იბრძვის. ქვეყნის ზოგიერთ რაიონს კი ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.