აქტუალური
NDI: გამოკითხულთა 84 პროცენტი მხარს უჭერს ევროპასთან უვიზო რეჟიმს

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საკუთარ კვლევაში რესპონდენტებს ვიზალიბერალიზაციის თემაზეც ესაუბრა და აღნიშნულ საკითხზე გამოკითხულთა პოზიციები დააფიქსირა.

 კერძოდ, ლაპარაკია 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით ანგარიშზე და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაზე. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა პერიოდიდან შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას.

 კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 86 პროცენტმა ამის შესახებ იცოდა, 11 პროცენტი კი ინფორმაციას არ ფლობს.

 რაც შეეხება უვიზოდ მიმოსვლას, გამოკითხულთა 84 პროცენტი მხარს უჭერს 2016 წლის შუა პერიოდიდან ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას, 8 პროცენტი კი წინააღმდეგია.

 კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს, 18 პროცენტი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

 საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.