პოლიტიკა
რატომ არ ნიშნავენ დღეს უკრაინის ახალ პრემიერს და რატომ შფოთავს სააკაშვილი

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს კვირის ბოლომდე დანიშნავენ, მაგრამ არა დღეს - სამშაბათს, იმიტომ, რომ პრემიერის დანიშვნა მხოლოდ არსენი იაცენიუკის გადადგომაზე და მისი შემცვლელი შეთანხმებული კანდიდატურის არსებობაზე არ არის დამოკიდებული. “ლაპარაკია ახალ კოალიციურ შეთანხმებაზეც, ხელმოწერების შეგროვებაზეც. ამ ყველაფერს დრო სჭირდება”, - “ობოზრევატელთან” კომენტარში ასეთი აზრი გამოთქვა  დეპუტატმა “სახალხო ფრონტიდან” ნიკოლაი კნიაჟიცკიმ. ყველაზე სავარაუდო კანდიდატად უმაღლესი რადას ამჟამინდელი სპიკერი ვლადიმერ გროისმანი ითვლება.

 “უკრაინის პრეზიდენტს ვხვდებოდი, როდესაც იაცენიუკის განცხადება მოუტანეს გადაგომის შესახებ. ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტი მაქვს, ბოლო დღეების შეთანხმებებისა და კულისებსმიღმა გარიგებების ფონზე”, -  დაწერა სააკაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე კვირას, როდესაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იაცენიუკს დაურეკა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მომდევნო მთავრობა დასახულ კურსს გააგრძელებს.