უცხოეთი
პუტინი ოფშორულ გამოძიებაზე: თქვენი მონა–მორჩილი სიაში არ არის

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. “პანამური დოკუმენტებში” მის წინააღმდეგ არსებლი ბრალდებები უარყო. ოფშორულ საქმიანობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი მედიაფორუმზე  გააკეთა.

 ვლადიმერ პუტინის თქმით, პანამური დოკუმენტების გამოქვეყნება ქვეყანაში ვითარების შიგნიდან “შერყევის” მცდელობაა. მისი თქმით, დოკუმენტებში არ არის საუბარი, რომ ის ოფშორულ აქტივებს ფლობს.

 "ოფშორულ სკანდალთან კავშირი არ მაქვს, მაგრამ ჟურნალისტებს აქვთ დავალება, რომ რამენაირად მეც გამრიონ. სწორედ ამიტომ, მათ იპოვეს ჩემი მეგობარი, მე ვუყურებ ამ სურათებს, აქ უკანა პლანზე ბევრი ადამიანია, გაუგებარია ვინ არიან, ხოლო ჩემი სურათი წინა პლანზეა გამოტანილი დიდ ფორმატში. ამბობენ, რომ ჩემი ერთი მეგობარი გარეულია ამ ამბავში და ალბათ ეს რაღაც კორუფციულ ელემენტებს შეიცავს.

 რა კორუფციულ ელემენტებს? აქ არანაირი კორუფციული ელემენტები არ არის. ის, რომ ამის უკან აშშ-ის ოფიციალური პირები დგანან, ეს ჩვენ ვიკილიქსმაც გვანახა. როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები ასეთ თავხედურ განცხადებას აკეთებენ, ეს ამჟღავნებს იმას, რომ ისინი დაინტერესებული პირები არიან. ეს ჩვენთვის, ცხადია, კარგია, რადგან ნათელი ხდება, თუ ვინაა ამ ყველაფრის დამკვეთი", - განაცხადა პუტინმა.

 „პანამის დოკუმენტების“ იმ ნაწილში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, არ არის საუბარი ოფშორულ კომპანიებთან პირადად პუტინის კავშირზე, მაგრამ სახელდება, მაგალითად, მისი ახლო მეგობარი, პუტინის ქალიშვილის ნათლია, ცნობილი ჩელისტი სერგეი როლდუგინი. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, როლდუგინსეკუთვნის ასობით მილიონი დოლარი ოფშორულ კომპანიებში.

 „თითქმის მთელი ფული, რომელიც მან (სერგეი როლდუგინმა) იქ (ოფშორულ კომპანიებში) იშოვა, დახარჯა საზღვარგარეთ მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად და ისინი რუსეთში ჩამოიტანა“, - განმარტა პუტინმა მედიაფორუმზე გამოსვლისას, თუმცა იქვე უარყო, რომ როლდუგინი, შესაძლოა, ასობით მილიონი დოლარის მფლობელი იყოს. რაღაც ფულს შოულობსო, თქვა პუტინმა.

 გავრცელებული ცნობით, „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილია პანამაში დაფუძნებულ საადვოკატო ფირმა მოსაკ ფონსეკადან“ გაჟონილი ინფორმაცია ფულის გადარიცხვის სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც მრავალი პოლიტიკოსი და საჯარო პირი უმალავს სამართალდამცავ და მარეგულირებელ უწყებებს მსხვილ თანხებს - ხშირად, უკანონო გზით ნაშოვნ ფულს. "პანამის დოკუმენტები" ერთბაშად რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ რამდენიმე ენაზე გაავრცელა. მათში შესულია აგრეთვე მასალები ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მამაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებზე, საუდის არაბეთის მეფეზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესიზე და სხვ.