პოლიტიკა
„არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

 „გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა  საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს.

 „მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მსჯელობის პროცესში ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება, ქვეყანამ 7–8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.