აქტუალური
ხიდაშელმა ევროპელ ჟურნალისტებს „საქართველოში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების აქტივიზაციის შესახებ ინფორმაცია“ მიაწოდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა  ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა ნატოსთვის. თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.

 „GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთ ევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. კითხვები, რომლებსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.