აქტუალური
თინა ხიდაშელმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს ტედ ვაითსაიდს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

 „ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ნებისმიერი კონფერენცია ორმხრივი შეხვედრების გამართვისთვის. ვისაუბრეთ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და იმ ეფექტიან გზებზე, რომლითაც საქართველოს და ნატოს შეუძლიათ კიდევ უფრო წარმატებულად, სისტემურად და დაგეგმილად, წინასწარ განჭვრეტადი გახადონ სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც წევრი ქვეყნების შიგნით, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე და საერთაშორისო დონეზე. შესაძლებლობები საკმაოდ ბევრია. მთავარია, ინსტიტუციური სისტემა, რომელიც ახლა ინერგება უფრო კარგად მოეწყოს. მასზე უნდა დავაშენოთ უკვე რეალური ქმედითი ნაბიჯები, რომლებითაც დავუპირისპირდებით პროპაგანდას და იმ ზემოქმედების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენება. მეორე მხრივ კი, უნდა შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში. ასეთი ტიპის შეხვედრები, რა თქმა უნდა, არის დასაწყისი კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორციელებისთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.