საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. რუსეთში აზერბაიჯანის ელჩის ფოლად ბულ-ბულ-ოღლის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს დიპლომატიურად დარეგულირების მცდელობამ დაამტკიცა თავისი არაეფექტიანობა, ამიტომ აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტი სამხედრო გზით გადაწყვიტოს. ამის შესახებ აზერბაიჯანელმა დიპლომატმა რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში განაცხადა. "ჩვენ მზად ვართ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის. მაგრამ თუკი არ იქნება მშვიდობიანი გადაწყვეტილება, სამხედრო გზით ვიმოქმედებთ", - განაცხადა რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა.
ფოლად ბულ-ულ-ოღლის თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21 პროცენტი ოკუპირებულია სომხეთის ჯარის მიერ, ამიტომ რესპუბლიკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ დასხდებიან, როდესაც სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას დატოვებენ.
ელჩმა არ უპასუხა შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს აზერბაიჯანს თურქეთი კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტაში. "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის დაეხმარება", - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა. ამავე დროს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ბაქოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აზერბაიჯანელი სამხედროების გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.