აქტუალური
ხიდაშელის თავდაცვის სამინისტრომ და ნატომ საქართველოში „პრორუსულ პროპაგანდისტებთან“ ბრძოლა დაიწყეს – საქინფორმი

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა გააფორმეს ერთობლივი „მემორანდუმი ერთობლივი ბრძოლის შესახებ რუსეთის „რბილი ძალის“, პრორუსული ანტიდასავლური პროპაგანდისა და რუსეთის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ საქართველოში“.

 ამის შესახებ განცხადება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ნატოს სტრატეგიული ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს. ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს ვარშავის სამიტის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი როლი იყო. საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საინფორმაციო ომს.

 როგორც შოთა ღვინერიამ აღნიშნა, ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში სამ ძირითად მიმართულებაზე მიდის მუშაობა - როგორ გაძლიერდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ახალი გზების გამონახვა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება. „ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ნატოს და საქართველოს მიერ ერთობლივი ღონისძიებების გატარება იმ ანტიდასავლური პროპაგანდის და საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელსაც რუსულირბილი ძალა” ახორციელებს დღეს საქართველოში, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

 საქინფორმი: ამგვარად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ნატოს სტატეგიული კომუნიკაციების ცენტრი კრემლის „ჰიბრიდული ომისა“ და „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩაერთნენ, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გიგა ბოკერიას ცოლის – თამარ ჩერგოლეიშვილის (მეტსახელად „კოჩერგა“) ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე მეორე კვირაა აგიტბრიგადებით საქართველოს რაიონებს სტუმრობს