საზოგადოება
ლევან მამალაძის და სულხან მოლაშვილის „სახალხო ხელისუფლება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს (ვიდეო)

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. 2 აპრილს საქართველოს ცესკომ პირველად დაარეგისტრირა პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო ხელისუფლება“ (ვიდეო იხ. აქ) ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არ ჰყავთ წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე (საქართველოს საარჩევნო კოდექსი - მუხლი 113, პუნქტი 1, „ბ“ ქვეპუნქტი), რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები. 

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, ცესკოს უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის სია; ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, უნდაწარმოადგინოს სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.

პარტია ვალდებულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს წარუდგინოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი.

პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული.

ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.