აქტუალური
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უკრაინელი და ქართველი სამხედროებისთვის პირველი სამხედრო სწავლება დაიწყო

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. სწავლების გახსნის ცერემონიალს ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი, ზურგის ადმირალი ლუიზ დედიქენი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. სწავლება 4-დან 14 აპრილამდე ვაზიანში ჩატარდება. ღონისძიება ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრისა და ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება.

ნატო-ს ლოგისტიკის 10-დღიანი კურსი საქართველოში პირველად ტარდება და მასში 15 ქართველი და 8 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლების მიზანი ნატო-სა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თავსებადობის ზრდაა.

ნატო-ს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა და საქართველოსთან, როგორც ნატო-ს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილე ქვეყანასთან, თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს.