სამართალი
თინა ხიდაშელი: „საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება! მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში!“

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი„საქართველოს სახელმწიფოს განაცხადია, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს“ - ამ სიტყვებით დაიწყო თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.

 თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა და აღნიშნა: „ველოდებით, რომ ვარშავა პასუხს გასცემს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც უელსის შემდეგ დარჩა. საქართველო ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ერთგული და ლოიალური პარტნიორი. ჩვენ ყველა საშუალებით, ყველა ფორმით და რესურსით, ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რამდენად ღირებულია გყავდეს ერთგული, სანდო და საიმედო პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ჩვენი სამხედროების უმწიკვლო რეპუტაცია, რომელიც მათ ამ წლების განმავლობაში შექმნეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მისიით წარმოდგენილ სამხედრო ოპერაციებში, არის საუკეთესო საშვი ამ ორგანიზაციების კარზე კაკუნისთვის.“   

 „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში. გვინდა, რომ ვარშავის სამიტმა სწორედ ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები, რეალური პასუხი. ჩვენმა მოქალაქეებმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახონ მეტი ნატო საქართველოში. იმედი მაქვს, რომ  ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.