პოლიტიკა
“საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია მთიან ყარაბაღში“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალოვან მინისტრებს, შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებს და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ინფორმაცია, რაც მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას უკავშირდება. გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.