პოლიტიკა
2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძოს.

 “არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ნორმალურია, რომ არჩევნებზე პარტიები გავიდეთ დამოუკიდებლად. გარკვეული კოალიციების შექმნა კი არჩევნების შემდეგ ხდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პროცესი იყო.

 პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ამ კუთხით არჩევნებამდე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

 „პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.