პოლიტიკა
„ეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დამსახურება იყო. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის საიუბილეო თარიღს გამოეხმაურა. „25 წლის წინ ქართველმა ხალხმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

 „ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მონაპოვარი, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება.  დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო“, – აღნიშნა პრემიერმა.