საზოგადოება
„ადამიანები ევროპაში ვერ იმუშავებენ! ნუ ატყუებთ ხალხს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე!“ - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ჩვენს მოსახლეობას არ ეუბნებიან ბოლომდე სიმართლეს. ხელისუფლება ქმნის ყალბ მოლოდინებს. უკვე გაჩნდა ახალი მოსაზრებები, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებმება არჩევნების ჩატარების საკითხს. ეს უკვე ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, რასაც მე ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ვიზალიბერალიზაცია პრობლემური იქნება ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 „ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება სწორედ იმას, რომ თავისუფალი უვიზო მიმოსვლა მათ მისცემს ევროპაში წასვლის და იქ მუშაობის შესაძლებლობას. ეს არის ტყუილი. ადამიანები იქ სამუშაოდ ვერ წავლენ, ეს არ არის სამუშაო ვიზა და ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხს უნდა უთხრას", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

 მისი თქმით, იმდენად გრძელია იმ სავალდებულო საბუთების ნუსხა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ ძალიან დიდი იქნება რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება შუა გზიდან უკან მოაბრუნონ.

 „მესმის, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლებამ ბევრი დაპირებები უნდა გასცეს, მაგრამ ისედაც საკმარისზე მეტია ტყუილი დაპირებები გაცემული და კიდევ ერთი დამატებითი დაპირების გაცემა ნამდვილად აღარ უნდა უღირდეთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.