საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ გიორგი საბიაშვილის გარდაცვალებას.
მამა გიორგი არა მარტო მის სამწყსოსა და ტაძრის მრევლს უყვარდა, არამედ თავისი სიკეთით, გულისხმიერებითა და უზენაესის ჭეშმარიტი მსახურებით ბევრი თბილისელის ღრმა პატივისცემას იმსახურებდა. გლოვობენ ადამიანები, რომლებმაც სულიერი მოძღვარი დაკარგეს, გლოვობენ ახლობლები და ნათესავები – მეუღლე, ქალიშვილები – სალომე და მირანდა და ვაჟი მირიანი. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.შაბათს, 25 დეკემბერს გარდაცვლილს წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში გადაასვენებენ (კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე), სადაც მამა გიორგი 20 წელი ერთგულად ემსახურებოდა უფალს და სადაც მისი პანაშვიდი გაიმართება. კვირას, 26 დეკემბერს მამა გიორგის ცხედარს ტაძრიდან გამოასვენებენ და თბილისში, ღრმაღელის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ბიოგრაფიული ცნობა: გიორგი (საერო ცხოვრებაში – ვლადიმერი) 1958 წელს, თბილისში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1977 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1980 წელს. იმავე 1980 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1984 წელს. მისი სულიერი მოძღვარი გახლდათ აკადემიის რექტორი – ვიბორგის მაშინდელი არქიეპისკოპოსი კირილე (ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე). 1984 წლიდან 1989 წლამდე იგი სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პირად რეფერენტ–ჟამთააღმწერლად მუშაობდა. იმავდროულად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც: 1984 წლიდან ასწავლიდა ზოგად საეკლესიო ისტორიას მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1988 წლიდან ბოლო დღემდე – თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. 1989 წლის 9 აპრილს სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხელდასხმა მიიღო და 1990 წლიდან, მისივე განკარგულებითა და კურთხევით, ქალაქ თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გახლდათ.