პოლიტიკა
„როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენი ტანკები დგას, ყველაფერი ნათელია!” - ტრიბუნასთან მდგომი ხიდაშელი „პასუხია რუსეთის გამოწვევაზე“

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიაზე მდგარი ტანკებითაც მკაფიოდ ჩანს. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 „ყოველდღიურად გამოხატული აგრესია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საზღვრების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწევ-გადმოწევის მუდმივი მცდელობა არის ყველაზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად. არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები... როდესაც შენი ქვეყნის ტანკები დგანან მეზობელი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მოქმედებაში არიან მოყვანილი იმის მიხედვით, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს შენი ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ისედაც სრულიად ნათელი და მარტივია. მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის ფაქტი, რომ დღეს მე ვდგავარ ტრიბუნასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.