საზოგადოება
ინტერპოლმა დათა ახალაია ძებნიდან მოხსნა

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ყოფილი მაღალჩინოსანი აღარ იძებნება.

 დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დამნაშავედ ცნო და ამნისტიის გათვალისწინებით 2014 წლის 3 აპრილს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 გარდა ამისა, დათა ახალაიას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისთვის, აგრეთვე, მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ასევე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც.

 ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა თავის დროზე ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ერეკლე კოდუაც მოხსნა.

 “ევროპულმა სასამართლომ, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დავით ახალაიას მიმართ საქართველოში ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ქართულ მხარეს უარი ეთქვა დავით ახალაიას ექსტრადიციაზე. ევროპული სასამართლოს სამართლებრივი შედეგი გაზიარებულ იქნა ინტერპოლის მიერ და დავით ახალაია მოხსნილია ძებნიდან. მას შეუძლია, გადაადგილდეს ნებისმიერი მიმართულებით“, - განაცხადა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.