პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო.

 „მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობაში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

 „ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.