საზოგადოება
„ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ბელგიაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა - ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. გავრცელებული ცნობით, აეროპორტში დაიღუპა 13 ადამიანი, მეტროში - 10, დაჭრილთა რიცხვი კი 40-ს აჭარბებს.

 მეტროს სადგური, სადაც აფეთქება მოხდა, ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ნატოს შტაბბინასთანაც. დახურულია ბრიუსელის აეროპორტი. ქალაქის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა “ევროსტარმაც". აფეთქებებთან დაკავშირებით უშიშროების საგანგებო სხდომები იმართება პარიზსა და ლონდონში.

 ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.

 "შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა - ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.