სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ააიპ „სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის“ დირექტორი დარეჯან შურღაია და მისი მოადგილე გოჩა ერემაძე დააკავეს.

დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეს შესთავაზეს ქ.სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებული ააიპ-ის ბალანსზე რიცხული 350 კვ.მ ფართობის  შენობის  5-წლიანი იჯარით გადაცემა. მათ მოქალაქეს ხელშეკრულება ოფიციალურად გაუფორმეს მხოლოდ 170 კვ.მ  ფართობის შესაბამისი საიჯარო თანხის გადახდის პირობით, ხოლო დანარჩენი ფართობით ხუთწლიანი ვადით სარგებლობისა და მფარველობის გაწევის  სანაცვლოდ 30 000 ლარი მოსთხოვეს.

დარეჯან შურღაიამ და გოჩა ერემაძემ ხსენებულ მოქალაქეს გამოართვეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 ლარი, რა დროსაც ისინი დააკავეს.