პოლიტიკა
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ კობა სუბელიანს სიცრუეში ადანაშაულებს

gancxadeba''თავისუფალი საქართველოს“ აფხაზეთის ორგანიზაციის განცხადება

მინისტრ სუბელიანის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით

21 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ აფხაზეთიდან დევნილთა აქციის შემდეგ მინისტრმა სუბელიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია, თანაც რამდენიმეჯერ. მინისტრის განცხადება, როგორც ხშირად, ამჯერადაც სრული სიცრუეა. გვსურს, საჯაროდ ვკითხოთ ბატონ მინისტრს:

რატომ გასცა სამინისტრომ კომპენსაციები ერთი და იმავე პირებზე რამდენიმეჯერ. ვთხოვთ სამინიტროს, გამოაქვეყნოს იმ დევნილების სია, რომელთაც რამდენიმეჯერ აქვთ აღებული კომპენსაცია და, შესაძლოა, დევნილთა საზოგადოებამ მათში თავად სუბელიანის ან სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ნათესავები ამოიცნოს;

სამინისტროს უნდა გააჩნდეს მონაცემთა ბაზა, სადაც მითითებულია, თუ ვის აქვს მიღებული ფულადი კომპენსაცია და ვის - არა. ვინაიდან სუბელიანი, როგორც ჩანს, არ იცნობს ამ მონაცემებს, ჩვენ გვსურს, მას საჯაროდ მივაწოდოთ იმ ობიექტების სია, სადაც დევნილებს არანაირი კომპენსაცია მიღებული არ აქვთ, სახელდობრ:

ბაგების სტუდ-ქალაქი - 1, 2 კორპუსები;

ჩხეიძის ქ. № 8;

ყაზბეგის ქ. № 25;

მუხიანი, პედაგოგიური კოლეჯი;

ყიფშიძის ქ. № 34;

ორთაჭალა, თვალის კლინიკა;

მიცკევიჩის ქ. № 29;

გურამიშვილის ქ. № 17;

გლდანი, ქერჩის ქ. № 3;

ტაშკენტის ქ. № 5 (საქნავთობი);

ზუბალაშვილების ქ. № 42;

ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, 8-ა კორპუსი, ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობა.

თუ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის ინფორმაცია ამ ობიექტების შესახებ, ჩვენს მოძრაობას შეუძლია მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია აქ განსახლებული დევნილების შესახებ სახელების, გვარებისა და სხვა რეკვიზიტების მითითებით.

 „თავისუფალი საქართველოს“

აფხაზეთის ორგანიზაციის სახელით:                                                            

ირაკლი ციკოლია

P. S. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინათ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დევნილთა აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მისი უწყებისგან ფულადი კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს და ზოგიერთ მათგანს რამდენიმეჯერ.