პუბლიკაციები
"ჩიჩოლინა, – საქართველოს პრეზიდენტად?!“ - ჯუმბერ კირვალიძე

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მის სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით  გაკეთებულ განცხადებას პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ეხმაურება:

 „საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:"მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია, ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება და მექნება კიდევ მომავალში" – ეს ფრაზა, ბ–ნმა მარგველაშვილმა წარმოსთქვა ბრიფინგზე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამართა. მესმის, რომ პრეზიდენტი ააღელვა ამ ყოვლად უმსგავსო ქმედებამ და მან გადაწყვიტა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა და მისი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებების უპირველესმა დამცველმა, ისე გამოეხატა თავის სოლიდარობა, რომ მისი "გამამხნევებელი სიტყვები" ყველასათვის გასაგები, მისაღები და "აღფრთოვანების გამომწვევი" ყოფილიყო! გასაგებია, მაგრამ, ერთი აზრი ამეკვიატა და თუ უხერხული არ იქნება, მეც ხმამაღლა "გავაჟღერებ, – სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ამბავში"! მოკლედ, თუ "სექსუალურ ლოგიკას" (ახალი პოლიტიკური ტერმინი!) მოვუხმობთ, ხომ არ აჯობებდა, რომ მომავალში საქართველოს პრეზიდენტის არჩევისას, უწინარესად იმ კრიტერიუმით იხელმძღვანელოს ქვეყნის ამომრჩეველმა, რაც ცხადად იმეტყველებს პრეზიდენტობის კანდიდატის – "მდიდარ სექსუალურ წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე"?! რას იტყვით, საქართველოს "სექსუალურო ამომრჩევლებო"?! სხვათაშორის, პრეზიდენტად არა, მაგრამ, გასული საუკუნის 80 იან წლებში იტალიის პარლამენტის დეპუტატად, სწორედ ამ კრიტერიუმით იქნა არჩეული, ცნობილი პორნოვარსკვლავი, "ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრებით მცხოვრები", ქ–ონი ჩიჩოლინა! ჰოდა, ქართველები რითი ვართ ნაკლები იტალიელებზე, თუმცა, მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ჩიჩოლინას პარლამენტის დეპუტატად არჩევით, იტალიელებმა მასხრად აიგდეს საკუთარი საზოგადოება და ხელისუფლება!“ - წერს ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში.