საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა პაატა ჯიბლაძემ და არჩილ ბენიძემ მსხვილი ნავთობიმპორტიორების წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში საჩივრის წერილი შეიტანეს.
„საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უსამართლოდ მაღალი ფასებია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელიწად–ნახევარში ნავთობის ფასი 300%-ით გაიაფდა, ბენზინისა და დიზელის საწვავის ღირებულება ამავე პერიოდში მხოლოდ 20%-ით შემცირდა. მაფიოზი ნავთობიმპორტიორების კარტერული გარიგების თანახმად, რეგულარის ტიპის საწვავი ღირს 1.47 ლარი, ნაცვლად 1.05 ლარისა.
ბოლო დღეებში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარამდე გაიზარდა. საქართველოში მოქმედმა ნავთობკომპანიებმა არ დააყოვნეს და განაცხადეს, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები გაიზრდება, ხოლო როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დიდი ხნის განმავლობაში 24 დოლარი ფიქსირდებოდა, მსხვილი ნავთობიმპორტიორები 6-7 თვის განმავლობაში არ ჩქარობდნენ საწვავის ფასის დაკლებას. ამ უკანონო მაქინაციით მომხმარებელი ასობით მილიონი ლარით დაზარალდა.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში გამოიძიოთ ნავთობიმპორტიორების აღვირახსნილი დანაშაული და მისცეთ სამართლებრივი შეფასება“, - ნათქვამია „მემარცხენე ალიანსის“ საჩივრის წერილში.