პოლიტიკა
„ქორწინება= ქალი+მამაკაცი“: რესპუბლიკური პარტია“ კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგია

  საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე „რესპუბლიკური პარტია“ - ერთადერთი კოალიციის სუბიექტებს შორის - წინააღმდეგი გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში დებულების ფიქსაციის, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის კავშირია, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ქორწინების სუბიექტების დაზუსტების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების შესახებ ბოლო ხანებში წამოწეული საკითხის დეტალურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ:

ა) კონსტიტუციურად და სამართლებრივად დასაზუსტებელი არაფერია - სრულიად ცალსახაა, რომ საქართველოში მოქმედი კონსტიტუციით და კანონმდებლობით ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი და სხვა არაფერი;

ბ) ამ საკითხზე კონსტიტუციაში რაიმეს კიდევ უფრო დაზუსტება, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ-პიარული მიზნით, მოქმედ პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან პროექტის ინიცირებისთვის საკმარისია 76 ხმა, მაგრამ მის მისაღებად აუცილებელია 113 ხმა;

გ) აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილების ინიცირებით და მისი ვერ მიღებით ჩვენ არათუ ვერ გავამყარებთ, არამედ დავაზიანებთ ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. თუ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში სიტყვა "მეუღლეთა" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "ქალისა და მამაკაცის", მაშინ ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ დღეს, სანამ რამე არ შეცვლილა, კონსტიტუცია ქორწინების უფლებას შეიძლება აძლევდეს ვინმე სხვასაც, გარდა ქალისა და მამაკაცისა.

რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ ინიცირება საფრთხის წინაშე აყენებს საზოგადოებას. თუ რას ემსახურება ამ საკითხის წამოწევა, ვინ ცდილობს ამ მეტად მგრძნობიარე თემაზე სპეკულირებით პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამის გარკვევა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიგვინდია“.