პუბლიკაციები
რიმა ბერაძე: მე არ ვაქტიურობ, ეს არის ჩემი მოვალეობა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი.

9 ძმის ქუჩაზე, უბნის მოსახლეობას, რომლებიც წლების განმავლობაში ნაციონალების მიერ დახურული მე-3 საჯარო სკოლის აღდგენას ითხოვდა, საკრებულოს მაჟორიტარი დებუტატი რიმა ბერაძე შეხვდა და ახალი სკოლის მშენებლობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.  რიმა ბერაძის შუამდგომლობით, სკოლის ახალი შენობა ექსპლოატაციაში 2017 წლიდან შევა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ . როგორც ჩანს, ინფორმაციამ მოსახლეობა გაახარა, რადგან  ბავშვებს და მშობელებს ბევრ პრობლემას, მათ შორის ტრანსპორტის პრობლემასაც მოუგვარებს. .

აღნიშნულ  თემაზე და რაიონის სხვა საკითხებზე სასაუბროდ „ფოსტალიონი“ რიმა ბერაძეს დაუკავშირდა.

„ამ სკოლას რამდენიმე წლის წინ ჰქონდა საგანმანათლებლო ფუნქცია, სადაც 300-მდე მოსწავლე საშუალო განათლებას იღებდა. 2007 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით იაკობ გოგებაშვილის პროექტის ფარგლებში მოხდა ამ შენობის რეაბილიტაცია, ამის მიუხედავად, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2009-2010 სასწავლო წელს სკოლის ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, მოხდა მე-3 საჯარო სკოლის მე-2 საჯარო სკოლასთან შეერთება და ეს მაშინ, როცა ახლო-მახლო არანაირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობდა. ამის შემდეგ მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩა, მხოლოდ ორი პედაგოგი იქნა გადაყვანილი მე-2 საჯარო სკოლაში. უპატრონოდ დარჩენილი სკოლა გაიძარცვა, გაპარტახდა, ეზო იქცა ანტისანიტარიის კერად, აიხადა სახურავი, ერთ ფლიგელში შეიჭრნენ სოციალურად დაუცველები.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს მოუხდათ გარემოს შეცვლა, უწევდათ ორი ტრანსპორტის გამოცვლა სკოლამდე მისასვლელად, დილის საათებში ტრანსპორტში იყო გაუსაძლისი მდგომარეობა, დაწყებითი კლასების ბავშვებს მშობლები მიაცილებდნენ და მერე გაკვეთილების შემდეგ ისევ ხვდებოდნენ და მათ ორმაგი საფასურის გადახდა უწევდათ. ამ სკოლის გაუგებრად გაუქმების ამბავი ჩემთვის გახდა ცნობილი როცა გავხდი ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნების“ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამ დროს 600-მდე ადამიანმა სკოლის აღდგენის თაობაზე ერთობლივი განცხადება შემოიტანა, იმ წუთიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა შესაბამის უწყებებთან ერთად .  ეს იყო მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო.

თამარ სანიკიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღდგენილიყო სკოლა და ჩავატარეთ მოკვლევა, სამხარაულის ექსპერტიზის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ არსებული შენობა ნაგებობის აღდგენა შეუძლებელი იყო და მიღებული იქნა მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება. დაიგეგმა ძველი შენობის ადგილზე ახალი ნაგებობის აშენება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე ერთ კვირაზე მეტია დაიწყო მუშაობა, საკონტროლო პროექტი უკვე მზად არის, რომელიც მაკეტის სახით გამოტანილი იქნა მოსახლეობის წინაშე და უკვე 2017-2018 წელს სკოლა შევა ექსპლუატაციაში. ასე რომ მე-3 საჯარო სკოლა კვლავ დაიწყებს ფუნქციონირებას.

სკოლა თანამდეროვე სტანდარტებზე იქნება მოწყობილი, ექნება სტადიონი, ბიბლიოთეკა, რაც მთავარია, გაიზრდება მოსწავლეთა კონტიგენტი. სკოლას საშუალება ექნება მიიღოს 500-მდე მოსწავლე და 60-მდე პედაგოგი. სულ სკოლაში პედაგოგების ჩათვლით 90-მდე ადამიანი დასაქმდება.

-სკოლა აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის სახელობის იქნება. იქნებ უფრო ვრცლად გვითხრათ ამაზე.

-დიახ, სკოლა ატარებდა ზურაბ ძამუნაშვილის სახელს, ეს იყო აფხაზეთის ომის მონაწილე, კასპის ბატალიონის ტანკისტი, 1991 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. ზურა იყო ამ სკოლის აღზრდილი. მისი დედა, ქალბატონი ჯულიეტაც ამ სკოლაში მუშაობდა და ოპტიმიზაციის შედეგად დარჩა უმუშევარი. ამ ოჯახმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას ოჯახის სამი წევრი შესწირა და სამივე მათგანი ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერები არიან, სკოლა აღდგენის შემდეგ დაიბრუნებს ზურაბ ზამუნაშვილის სახელს.

ჩემი დამოკიდებულება განსაკუთრებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიმართ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩუღურეთის რაიონში წინა ხელისუფლების დროს დახურული იქნა რამდენიმე საბავშვო ბაღი, ჩვენ კიევის ქუჩაზე შევძელით ერთი საბავშვო ბაღის აღდგენა, სადაც ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი იყო განთავსებული. ბაღმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება და იქ 4 ჯგუფია განთავსებული და დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდა . ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება ჩიტაიას 1 ნომერში , რომელიც 250 ბავშვს მიიღებს. ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც ეტაპობრივად სრულდება. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, რომელიც დაგვიდგა გვერდში და ყველაფერი გააკეთა.

 -ქ-ნო რიმა, ეს ჩვენი პირველი ურთიერთობა არ არის, გახსოვთ ამწე კრანთან დაკავშირებული გახმაურებული პრობლემები, კიდევ სხვა პრობლემები, რომელთა შესახებ მოსახლეობამ გვთხოვა თქვენამდე მოგვეტანა მათი გასაჭირი, იყო სოციალურად დაუცველების თემა. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ხერხდება თქვენთან კომუნიკაცია ხდება რეაგირება.   რამდენად გვარდება ყოველთვის ბოლომდე პრობლემა ეს სხვა საკითხია…   პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ბევრი მაჟორიტარის სახელი და გვარი არ იცის ამომრჩეველმა და როგორც ხალხი ამბობს, არჩევნების შემდეგ თვალიც არ მოუკრავთ. თუ თქვენ ახერხებთ და აკეთებთ რაიონისთვის სასიკეთო საქმეს, ხვდებით მოსახლეობას და გიცნობთ ამომრჩეველი, რომლებიც ამბობენ, რომ რიმა ბერაძე ძალიან აქტიური ქალბატონია. რომელსაც  შეუძლია თქვას, რომ ყველა თუ არა, დაპირებების რაღაც ნაწილი შეასრულა და კიდევ აქვს სამომავლო გეგმები. გამოდის, შესაძლებელია მუშაობა და შედეგიც სახეზეა. მაშინ რატომ სხვებიც არ მუშაობენ ასე?

-თქვენ იცით, რომ მე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეც ვარ და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩემი ფრაქციის ძალიან ბევრი დეპუტატი მუშაობს და ჩემზე ათასჯერ უკეთესადაც, მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია და საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ამ ეტაპისათვის შეუძლებელია. მე არ ვაქტიურობ, ეს არის ჩემი მოვალეობა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოსახლეობამ მიმანიჭა, რაცა არჩევნებში ხმა მომცა. ხალხმა გამომიცხადა ნდობა და მე ვალედბული ვარ გავუმართლო ის ნდობა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურის განვითარება. როცა ჩვენ განახლების და აღდგენის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი მივიტანეთ, ქალაქის მერის, მისი მოადგილეებიც გვერდით დაგვიდგნენ და თბილისის განვითარების ფონდში განიხილეს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობასთან ერთად მიღებული იქნა აღმაშენებლის გამზირის განახლება.

მინდა გითხრათ, რომ სანამ რეაბილიტაცია დაიწყებოდა, აღმაშენებლის 34-36 ნომერში ჩვენ გვაქვს სახლი, რომელსაც პატარა ერმიტაჟი ეწოდებოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ ძეგლის განადგურება ნამდვილად ვანდალური აქტია. ასევე იყო ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ახლა უკვე გამოყოფილია 700 ათასი ლარი და მოხდება მათი აღდგენა-განახლება. ის არსებული ვითარება, სადაც მოხდა ბიუჯეტის გათვალისწინებით თანხების გამოყოფა ათვისებულია და ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, წელს უფრო ბევრს გავაკეთებთ, ჩუღურეთის რაიონში არ დარჩება არც ერთი სკვერი, არც ერთი ქუჩა, რომელიც აღდგენილი არ იქნება. ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ამხანაგობებს თანადაფინანსებით, რომ შეცვალონ სახურავები, მოაწყონ სტადიონები, სკვერები…

ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ჩვენთან და ჩვენი ამოცანაა შემოვიყვანოთ ინვესტორები. ჩემი ამოცანაა მაქსიმალურად ვიდგეთ ხალხის გვერდით. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დევნილებთან ურთიერთობა. ასევე სოციალურად დაუცველებთან, მარტოხელა პენსიონრებთან, ასევე შშმ პირებთან. ამ კუთხით დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

სასტუმრო „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილებს, რომელთათვისაც ამ დრომდე არავის არ მიუხედავს, დღეს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, დადიანის ქუჩის #7-ში მდებარე სახლში გადასცემს მობინადრის ახალ გასაღებებს და ორდენებს.  ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ ვფიქრობ თანადგომით, ურთიერთობებით, პერიოდულად და ეტაპიბრივან ყველაფერი მოგვარდება.

-თქვენ თქვით, რომ სხვა მაჟორიტარებიც მუშაობენ, რომ ბევრი რამ კეთდება და კიდევ გაკეთდება. არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ ყველაფერს და კმაყოფილებიც არიან, არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ხედავენ, რადგან მათ რაიონში სრული უძრაობაა და არიან ისეთებიც, რომლებსაც არ უნდათ რომ დაინახონ, მაგრამ მაინც, ხომ არ გეჩვენებათ, რომ პიარის ნაკლებობაა და საზოგადოების ინფორმირებულობაც მოიკოჭლებს?

-აბსოლუტურად გეთანხმებით, არიან ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როცა ჩვენ აღმაშენებლის განახლების პროექტი დავდეთ, რომელიც დიდ სამშენებლო ფრონტს მოიცავს, თავისთავად ცხადია ჩვენ გარკვეული დროით უნდა ჩაგვეკეტა ქუჩა და ზოგიერთი ადამიანი გამოვიდა და თქვა-რა ეშველება ტრანსპორტს? წარმოგიდგენიათ? ეს კითხვა გაუჩნდათ და ის გრანდიოზული ვერ დაინახეს. მთავარია ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, მე მაგალითად რაიონში შექმნილი მაქვს სათათბირო, სადაც საზოგადოების ყველა წარმომადგენელია ჩართული, ინფორმაციას ვაწოდებთ, მათთან ერთად ვგეგმავთ და შესრულებული სამუშაოს შემდეგ მათ ვაწვდით ინფორმაციას. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

მინდა დაგპატიჟოთ შაბათს, 12 საათზე ყოფილ გორკის სახლში, რომელსაც ახლა ილიას ბაღი ჰქვია. აქ ყველა სოციალური ფენის დაახლოებით 400-მდე ქალბატონი იქნება შეკრებილი. აქ გაიმართება შემოქმედებითი საღამო. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ რა განწყობა სუფევს ჩუღურეთის რაიონში.

-ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გესტუმრებით. ახლა კი, სანამ დავასრულებდეთ თქვენ საშუალება გაქვთ მიმართოთ მოსახლეობას. რას ეტყვით მათ?

-მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რა თქმა უნდა ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ, თქვენ იცით როგორი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, ჩემს რაიონში თითი თითზე არ იყო დადებული წლების განმავლობაში და 150 წლის სახლებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც საძირკველი არ აქვთ, ამ ადამიანებს იმ მძიმე პერიოდში უხდებათ ცხოვრება და არსებობა, მძიმეა სოციალური ფონი, ქვეყანაშია უმუშევრობის პრობლემა და ასეთ მძიმე პერიოდში ხელისუფლება მაინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას სამუშაო ადგილები, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ადამიანებს როგორც მორალურად ისე ეკონომიურად, რასაც კანონის საშუალება გვაძლევს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. მეტი პასუხისმგებლობით, მეტი მოთმინებით უფრო მეტს გავაკეთებთ ადამიანებისთვის. აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ვფიქრობ, სწორად მივდივართ.

-წარმატებებს გისურვებთ.

postalioni.com