პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ქართულ არმიაში ანტირუსულ პროპაგანდას აღვივებს და არაქართველი მოსახლეობის დეზინფორმაციას ახდენს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გახსნა, რომელმაც ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა:

 „რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება დინამიურად... უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ, სად რა ხდება, რომელ დარბაზებში რაზეა საუბარი და გზავნილები, მოთხოვნები ყველას ჰქონდეს ერთი. თუ ამოცანა გვაქვს ერთი - საქართველო რაც შეიძლება წარმატებული დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა ვისაუბროთ, ერთი და იგივე მოთხოვნები უნდა გვქონდეს, ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 კონფერენციაზე გამომსვლელებმა ყურადღება რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობაზეც გაამახვილეს.

 კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საუბარს დაეთმო. მეორე თემატურ სესიაზე ვარშავის სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 მომზადებულმა მომხსენებლებმა აუდიტორიის ყურადღება გაამახვილეს „რუსეთის საინფორმაციო ომზე საქართველოში“, „ეთნიკურ უმცირესობაში სახიფათო საინფორმაციო გარემოსა და განწყობის“ შექმნაზე საქართველოს რეგიონებში მათი კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, ანუ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.