რედაქტორისგან
„საქინფორმი“„ასავალ-დასავალს“ 24 წლის იუბილეს ულოცავს!

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ზუსტად 24 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალი ჟურნალისტიკის სათავეში მდგომმა გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა და კალმის დიდოსტატმა ლაშა ნადარეიშვილმა დააარსა ქართული გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

 24 წლის განმავლობაში საქართველოში 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ თავისი კაპიტნის მტკიცე ხელით მართულ  ქართული პრესის ფლაგმან „ასავალ-დასავალს“, სასიკვდილო ქარიშხლებსა და შტორმში უდრეკად ეკავა კურსი საქართველოსკენ, რითაც ქართველ ხალხში სახალხო გაზეთისა და ქვეყნის უახლესი ისტორიის მემატიანის სახელი მოიპოვა.

 ნადარეიშვილის, როგორც მედია-მენეჯერისა და მთავარი რედაქტორის ნიჭის წყალობით, „ასავალ-დასავალი“ იქცა ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების alma mater-ად, ბევრმა მათგანმა დროთა განმავლობაში თავისი შემოქმედება სხვა გამოცემებში განაგრძო და სათავეშიც ჩაუდგა მათ, თუმცა, გულით სამუდამოდ მშობლიური გაზეთის რედაქციაში დარჩა.

 ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ ულოცავს დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთი „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტურ კოლექტივს, მის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს 24 წლის იუბილეს!

 ახალ-ახალ გამარჯვებებს გისურვებთ, ძვირფასო მეგობარ-კოლეგებო, დღეგრძელობას და ზურგის ქარს აფრებში!

„საქინფორმის“ ჟურნალისტების სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი