პუბლიკაციები
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ავტორის განმარტებით, პროექტის მიღების მიზეზი ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ტრადიციულად ფლობს მიწის ნაკვეთებს და იმავდროულად არ გააჩნიათ შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი უნდა იყოს.

უმრავლესობის აზრით, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემების გამოსწორება საჭიროა, თუმცა  წარმოდგენილი კანონონპროექტი ბევრ კითხვასაც ბადებს. მათთვის ოპოზიციის მხრიდან, მსგავსი თემის გაჟღერება პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად რაიმეს მოგვარების მცდელობას.

„ეს პრობლემა რეალურად დგას ჩვენ წინაშე, რაც ბუნებრივია, ხელს გვიშლის ბევრი მიმართულებით განვითარებაში.  უნდა გვეყოს ძალა საკითხი გადავჭრათ იმგვარად, რომ არ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ განვლილი სამი წლის პერიოდში უამრავი სამუშაო გავწიეთ, შევისწავლეთ თითოეული წვრილმანი დეტალი რაც შეიძლება ამ პროცესში წარმოიშვას.  პრობლემას მხოლოდ საჯაროო რეესტრში ცვლილებით ვერ გადავჭრით და მას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. მე ამ საკითხს მხარს ვერ დავუჭერ, მაგრამ ვითანამშრომლებთ ყველა მხარესთან, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს ამ პროცესს. მთავრობას უკვე  აქვს თავისი ხედვა, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოადგენს. მინდა მთელი გუნდის სახელით მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც შეზღუდავს საკუთრების უფლებას და ამა თუ იმ ფორმით მოსახლეობას აზარალებს“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.