პუბლიკაციები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის და 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კანონმდებლებს ოთარ დანელიამ გააცნო

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. მინისტრის თქმით, მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის  ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების  უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. დანელიას ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი,   რომელიც ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე შესვლის დამატებით შესაძლებლობებს იძლევა.

მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2010 წელთან შედარებით თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. თუ კი 2010 წელს ბიუჯეტი 30 მლნ ლარი იყო, 2016 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბა. წლიდან წლამდე იზრდება უცხოური ინვესტიციებიც, იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტიც, გაორმაგებულია ღვინის ექსპორტი. მისივე  თქმით, ყველაფერი კეთდება რომ საბოლოოდ პრიორიტეტული დარგების განვითარების შედეგად, მივაღწიოთ სოფლის განვითარებას,  ხელი შეეწყოს სოფლად დამატებითი ღირებულების შექმნას, ინფრასტრუქტურისა და თანმდევი საქმიანობების განვითარებას, სოფლად მყოფი მოსახლეობის  შემოსავლების ზრდას.

„ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა ვაქციოთ აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად და ამისთვის ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, ამას ემატება საქართველოს მნიშვნელოვანი ლოკაცია, როგორც ეკონომიკური ჰაბისა და სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, მათ შორის, ევროკავშირთან. ჩვენთვის სტრატეგიული ბაზრებია  ევროკავშირის ქვეყნები. ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ EFTA-ს შეთანხმება, რომელიც გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს. უნდა აღინიშნოს ის ბაზრებიც, რომელთა ძიებაც შარშანწინ დავიწყეთ და დღეს უკვე გავაორმაგეთ ვაჭრობა მათთან, ეს გახლავს ჩინეთი, იაპონია და ა.შ.“ -  განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, დღეს პრიორიტეტულად ქცეული დარგს წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა. ბევრი სფერო იმდენად იყო განადგურებული, რომ ახალ ხელისუფლებას თითქმის ნულიდან მოუხდა სამუშაოების დაწყება.

„წლების განმავლობაში არ იყო პოპულარული სოფლის მეურნეობის დარგი, უამრავი სპეციალისტი დავკარგეთ,  მოვახერხეთ და შევქმენით წარმატებული მაგალითები რეგიონებში. დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით, სტუდენტი-ახალგაზრდობის გადამზადებაც ხდება, რაც იმის საფუძველია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში გვეყოლება განათლებული კადრები, რომლებიც წარმატებით გააგრძელებენ დარგის მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის მინისტრს, მთელ მის გუნდს.  მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ქართულ საქმეს და აძლიერებენ ჩვენ ქვეყანას“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.