პოლიტიკა
უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების ახალი სტრუქტურა განიხილა

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი სტრუქტურა განიხილეს. აღნიშნული საკითხის შესახებ მოხსენება საბჭოს მუდმივ წევრებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინეს.

 „ვისაუბრეთ იმ ძალიან ნათელ და მტკიცე პოზიციაზე, რომელიც ნატოს მომავალი სამიტისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ გვაქვს. ჩვენი პოზიცია და გზავნილი ძალიან ნათელია. საქართველო ესწრაფვის ნატოში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით. ეს პოზიცია ერთიანია და ამ პოზიციას გაატარებს სახელმწიფოს ყველა უწყება“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

 უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. „ბატონი პრეზიდენტი უკვე ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის. ეს სისტემური ცვლილებები ემსახურება უფრო მობილურ, ბრძოლისუნარიან, წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.