პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსმა“ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებმა პარლამენტთან ერთობლივი აქცია გამართეს

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. "მთის კანონში" არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პარტია "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, დუშეთის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აქცია გამართა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარების და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის ერეკლე ტრიპოლსკის სახელზე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში წერილი შეიტანა „მთის კანონის“ მიღმა დარჩენილი სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

 „2003 წლიდან მაღალმთიანი სოფლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: საკრამულს, არღუნს, ლაფანაანთკარს, გრემისხევს, ილტოზას, ოძისს, შუახევს, ციხედავსა და ჭილურტს, რომლებსაც კანონის ამოქმედების შემდეგ სრულიად დაუმსახურებლად მოეხსნათ შეღავათები.

 „მემარცხნე ალიანსი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ერთად იმედოვნებს, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩვეული გულისხმიერებით გაეცნობით ზემოთ დასახელებული სოფლების გასაჭირს და როგორც მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი, დასვამთ საკითხს მათთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია, კერძოდ, პაატა ჯიბლაძის წერილში ტრიპოლსკისადმი.