სომხეთის კათალიკოსი საქართველოში არსებულ სომხურ ეკლესიებზე საუბრობს
სომხური სააგენტო www.news.am სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-სა და ევროპარლამენტის წარმომადგენლის ტომაშ პორებოს ოფიაციალური შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს. როგორც სააგენტო იუწყება, მათ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში სომხური ეკლესიების მდგომარეობა განიხილეს.
სააგენტოს ცნობით, კათალიკოსი გარეგინ II აუდიენციის დროს ყარაბაღის კონფლიქტს და საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის სტატუსის პრობლემას შეეხო. www.news.am წერს, რომ თბილისში ამ დროისთვის მხოლოდ ორი სომხური ეკლესიაა - წმინდა გევორქის საკათედრო ტაძარი და წმინდა ეჩმიაძინი. ორივე მათგანი ავლაბარში მდებარეობს. "არის კიდევ 5 ეკლესია (წმინდა ღვთისმშობლის, წმინდა მინასის, წმინდა ნშასას, წმინდა ნორაშენის და წმინდა გევორქის სახელობის ტაძრები), რომლებიც ქართულ მხარეს სადავოდ მიაჩნია. დღემდე პრობლემად რჩება საქართველოს ხელისუფლების უარი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ", - წერს სააგენტო.