რელიგია
წმ. სინოდის სხდომის შესახებ (12.02.2016)

 12 თებერვალს საპატრიარქოში წმ.სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააკეთა. მეუფის განცხადებით, საპატრიარქოში სხდომაზე ერთადერთი საკითხი განიხილეს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიების წმიდა და დიდი კრების ჩატარებას ეხებოდა.

 “განხილული იქნა დოკუმენტები, რომელსაც წმიდა და დიდ კრებაზე გაიტანენ. რეგლამენტის საკითხი და ასევე შამბეზის იანვრის შეხვედრაზე მიღებული დადგენილება, რომელიც ეკლესიების წინამძღოლებმა მიიღეს. მინდა მოგახსენოთ, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არის გამოთქმული და ზოგიერთი დოკუმენტი მოითხოვს ჩასწორებას”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

 მისივე თქმით, საზოგადოება ინფორმირებული იქნება რომელი დოკუმენტი მოითხოვს ჩასწორებას და ეს ცნობილი გახდება ამ დოკუმენტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ.

 მეუფე ანდრიამ ივნისში კრეტაზე დაგეგმილი წმიდა და დიდ კრებაზე საქართველოს დელეგაციის დასწრების შესახება ისაუბრა.

 “დელეგაციის შემადგენლობა განსაზღვრული არ არის, მხოლოდ ვიცით, რომ რაოდენობრივად როგორი უნდა იყოს დელეგაცია. 24 მღვდელთმთავარი, 6 მრჩეველი (ეს შეიძლება იყოს სასულიერო და საერო პირი) და სამი დამხმარე. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მასმედიის საშუალებებზე, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კრებაზე დასასწრებად”, – აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

წმიდა სინოდის კრების განჩინება უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ambioni.ge