პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე ძმებ ბერძენიშვილებს: პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ, თქვენი ქმედება იყო ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული!

 პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ, თქვენი ქმედება იყო ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული! - პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ლევან და დავით ბერძენიშვილებს მიმართავს.

მისი თქმით, დავით ბერძენიშვილი გოგი თოფაძეს "ქვეყნის მტრად" რაცხავს, ხოლო ძმები ბერძენიშვილები  1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ებრძოდნენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა.

„გუშინ, პარლამენტის სხდომაზე რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა შემდეგი შინაარსის განაცხადება გააკეთა, რომ თავდაცვის მინისტრის, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორკესტრირებული კამპანია და იგი სამიზნედ შერჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მას ხელისუფლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია, კერძოდ ის, რომ მან – "გზა უნდა გაუკაფოს საქართველოს ევროატლანტიკურ ასპარეზზე". აქედან გამომდინარე, ბერძენიშვილის "ლოგიკის" მიხედვით, "მრეწველთა" პარტიის ლიდერის გოგი თოფაძის მიერ გამოთქმული მოსაზრება ხიდაშელის ბრალეულობასთან დაკავშირებით (იგულისხმება, გასული წლის საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაყალბება), სხვა არაფერია, თუ არა "შეკვეთილი ქმედება", რომელიც შეიძლება იმართებოდეს, როგორც ქვეყნის შიგნიდან ისე გარედან, რაც ბერძენიშვილის თქმით, – "არის ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია". ამ შემთხვევაში, მე, დ.ბერძენიშვილის ამ ნათქვამის განხილვით თავს არ შეგაწყენთ, ბოლოსდაბოლოს ერთ კოალიციაში არიან გ. თოფაძესთან ერთად და თვითონ არკვიონ "მტყუან–მართალი". უბრალოდ, გამომდინარე დ. ბერძენიშვილის "ლოგიკიდან", რომლის მიხედვით, იგი გ. თოფაძეს "ქვეყნის მტრად" რაცხავს, მასთან, ანუ ბ–ნ დ. ბერძენიშვილთან მიჩნდება ერთი მარტივი შეკითხვა, აი ისიც: როდესაც 1991 წელს, თქვენ და თქვენი უფროსი ძმა, ბ–ნი ლ. ბერძენიშვილი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ებრძოდით, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, აი მაშინ, თქვენი და თქვენი პარტიის ქმედება, იყო თუ არა (როგორც დღეს "მჭერმეტყველებთ"), – "ანტისახელისუფლებო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული"?! სანამ მიპასუხებთ, მე გეტყვით ზუსტად და პირუთვნელად, რომ დიახ, იყო და თქვენ, ბ–ნ დავით, ასევე თქვენი ძმაც და იმდროინდელი თქვენი "პარტიელებიც", ვერასოდეს ჩამოირეცხავთ იმ სისხლს, რომელიც "თქვენნაირი პოლიტიკოსების" გამო (სხვა ეპითეტებს არ გაკადრებთ), დაიღვარა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და რომლის მორალურ–პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ და სხვა შედეგებს, დღემდე იმკის საქართველო და ქართველი ხალხი!!!...“ - წერს კირვალიძე სოციალურ ქსელში.