აქტუალური
„ვიმედოვნებთ, რომ ინიციატივებს, რომლებითაც ბრიუსელში ჩამოვედით, მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო“ – ხიდაშელი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა “28+1” ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის.

 „მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, თავდაცვის მინისტერიალი დასრულდება სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივებს, რომლებითაც ბრიუსელში ჩამოვედით, ერთობლივად მოიწონებს და მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან - ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან და გვაქვს შეხვედრა გენერალურ მდივანთან ყველა იმ პრაქტიკული წინადადების მოსამზადებლად, რომლებზე მუშაობასაც ხვალინდელი კომისიის შემდეგ გეგმავს საქართველო“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.