პოლიტიკა
რუსულმა პროპაგანდამ შესაძლოა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, მიაჩნია აშშ–ის მთავარ მზვერავს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა საქართველოს შესახებ სენატში გამოსვლისსას ისაუბრა. მან წარმოადგინა ანგარიში მსოფლიო საფრთხეების შესახებ, სადაც საუბარია საქართველოს დასავლური ორიენტაციის საფრთხეებზეც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის არჩევნების წინ დასავლური ინტეგრაციის ნელ ტემპს ემატება ეფექტური რუსული  პროპაგანდა, რის გამოც თბილისმა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული  პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური  ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მთავარი  პოლიტიკური სისუსტე გახდება.

დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო ქართულ  ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება, და სულ უფრო მეტი ეფექტური  რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან  დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. მოხსენება სენატში ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა და მსოფლიოში არსებული საფრთხეების შეფასებისას, ოფიციალური თბილისის პოლიტიკის ცვლილებებსა და რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაზრდაზეც ისაუბრა.

ჯეიმს კლეპერის განცხადებას შეფასებები მოყვა უკვე თბილისში ქართველი პარლამენტარების მხრიდან.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის მსგავსი დოკუმენტები საინტერესოა, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ეს შეფასება გაზვიადებულია და ხელისუფლებას მკვეთრად აქვს განსაზღვრული ქვეყნის ორიენტაცია. 

"ხშირად, ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, მაგალითად უსაფრთხოების თემებს, რასაკვირველია უტრირებულად არის წარმოდგენილი ზოგიერთი მიმართულება, რამეთუ ყურადღება იქნეს გამახვილებული და ეს 100 პროცენტიან აუცილებლობას არ გულისხმობს", - აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი