უცხოეთი
ნატოს სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი არ არის. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვის რისკებს გაზრდის.

ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მიზანი არა მაპი, არამედ წევრობა უნდა იყოს. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება არსებითი პაკეტის ბოლომდე შესრულებაზე უნდა ფოკისურდეს, რის შემდეგაც წევრი ქვეყნები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს წევრობის გეგმას შესთავაზებენ.

მაპი, წევრობის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს. იმის თქმით, რომ მაპი საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასითს, მოგვწონს ეს, თუ არა. ვფიქრობ, ყურადღება უნდა განაწილდეს პირველ ნაწილზე, პრაქტიკულ მექანიზმზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე, წევრობის სამოქმედო გეგმაზე. მაპის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მაპი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.

მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატოში შესვლა და არა მაპის მიღება. მაპი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს“,  - ამბობს ჯეიმს აპატურაი.

ნატოს წარმომადგენელმა საქართველოს ალიანსისკენ სწრაფვის პროცესში ხელისუფლების გარდა, ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაპის ვერ მიღების გამო, ოპოზიციამ მთავრობა არ უნდა დაადანაშაულოს, რომ მან წარმატებას ვერ მიაღწია.

მისი თქმით, რუსეთთან ომის განმეორების საშიშროება არ არის, მაგრამ წევრ ქვეყნებს არ სურთ საქართველოში ცხოვრება გაართულონ.

აპატურაი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსათვის ტექსტი არ შეიცვლება.

მე ველოდები სამიტზე სოლიდარობას. საქართველოსთვის ევროატლანტიკურ მისწრაფებების შესახებ ძლიერ განცხადებას. ასევე ნაბიჯებს არსებითი პაკეტის გასაძლიერებლად. ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა და ასევე ნატოს პასუხისმგებლობა. მე შემიძლია ვისაუბრო ნატოს მხრიდან, რომ ჩვენ ბოლომდე არ გაგვიკეთებია, რაც საჭირო იყო. ვმუშაობთ ქართულ მხარესთან იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ თქვენი მხრიდანაც ყველაფერი კეთდება“.

cp.ge