საზოგადოება
რუსეთის ფაქტორით სპეკულირების მიზანი საქართველოში „MAGTICOM“–ის სრული მონოპოლიზაციაა

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმიანება ბოლო დროს ადგილობრივ ინტერნეტბაზარზე განვითარებულ მოვლენებს.

 „ამ კომპანიის (“ბილაინი” – რედ.) დაინტერესება კავკასუს ონლაინის” საცალო ქსელის შეძენით არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი ინტერესი, რაც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნესინტერესებთან“, –აცხადებს, კერძოდ, აფბა–ს ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე.

 „ალასანიას განცხადება, ერთი მხრივ, არ შეესაბამება რეალობას, კომპანიებმა ოფიციალურად გაავრცელეს განცხადება, რომ შესაძლო გარიგება ეხება მხოლოდ “კავკასუს ონლაინის” საცალო ქსელს. მეორე მხრივ, ვფიქრობ, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით და რუსეთის ფაქტორით სპეკულირებით კომპანიისადმი საზოგადოების განწყობა ხელოვნურად იცვლება. თუ „ბილაინს“ შეეზღუდება ინტერნეტის და სხვა ციფრული სერვისების შეთავაზება ბაზარზე, ამით მთლიანი საბაზრო ძალაუფლება მოექცევა კომპანია “მაგთიკომის” ხელში, ბაზარზე მონოპოლიის ჩამოყალიბებით კი პირველ რიგში  მომხმარებელი დაზარალდება. აქვე უნდა გავიხსენო “მაგთიკომის” დირექტორის დევიდ ლის განცხადება, რომელიც ირაკლი ალასანიას განცხადების პათოსს იზიარებდა. “მაგთიკომი” საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელმაც “ბილაინს” “კავკასუს ონლაინის” საცალო ქსელის შეძენის უფლება უნდა მისცეს, ამით კი სურს, დომინანტური მდგომარეობა შეინარჩუნოს ბაზარზე“, – განმარტავს ზურა კუკულაძე.